
საქართველოს მთავრობაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ზეწოლა, რათა ჩართულიყო რუსეთთან კონფრონტაციაში, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე არა პრორუსული პოზიციის გამო, არამედ შიშობდა, რომ მათი ქვეყანა განადგურდებოდა ასეთ ომში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ფაქტი არის ის, რომ ჩვენ არ გვყავს დღეს აქ წარმოდგენილი ქართული დელეგაცია. იანვარში მივიღეთ საქართველოს დელეგაციისთვის ერთგვარი სანქციის დაწესების გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. იანვარში მათი უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საკითხთან დაკავშირებით ჩემმა ჯგუფმა ამის წინააღმდეგ მისცა ხმა. დებატების დროს ჩვენ ვთქვით, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა აღმოჩნდა ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაში.
ცნობისთვის, ვაკვირდებოდი 26 ოქტომბრის არჩევნებს და მოსამზადებელ პერიოდს. მრავალ არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ დარღვევების დონე არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან და არ იყო ძლიერ განსხვავებული ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში ჩატარებულ ზოგიერთ არჩევნებისგან. ის, რაც საქართველოში შეიცვალა, არის ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია უკრაინაში 2022 წელს რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ. საქართველოს მთავრობაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ზეწოლა, რათა ის ჩართულიყო რუსეთთან ამ კონფრონტაციაში. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე არა პრორუსული პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა შიშობდა, რომ მათი ქვეყანა განადგურდებოდა ასეთ ომში.
„ქართულმა ოცნების“ საარჩევნო კამპანია დაეყრდნო უკრაინის განადგურებული ქალაქებისა და სოფლების გამოსახულებებს, რაც ამბობდა, რომ „ჩვენ არ გვინდა ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ჩვენ ომის ნაცვლად მშვიდობას ვირჩევთ“. თქვენ ეს შეიძლება სწორად ან არასწორად მიიჩნიოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გეოპოლიტიკურ მრავალფეროვნებას“,- განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.
მისივე თქმით, არასწორი იქნება, თუ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი არ იქნება.
„საქართველოს მთავრობა, აშკარად, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით, ამ გზას დაადგა არა იმიტომ, რომ იყოს პრორუსული, არამედ რომ თავი შორს დაიჭიროს ყოველგვარი კონფრონტაციისგან, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა. ვფიქრობ, არასწორია, თუ ეს არის ქართული დელეგაციის სანქცირების ან დასჯის მიზეზი.
ჩვენ ვართ ერთადერთი ასამბლეა, ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს დიალოგს, მაგრამ თუ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი – ვფიქრობ, ეს არასწორი იქნება. როგორც ერთხელ გერმანელმა სოციოლოგმა, მაქს ვებერმა თქვა, არსებობს პასუხისმგებლობის ეთიკა და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოზიციას ამის გათვალისწინებით“, – განაცხადა ჰუნკომ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18/04/2025
დღეს წითელი პარასკევია
18/04/2025