24/09/2022
20:05
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 12%-მა დააფიქსირა ფინანსური მზადყოფნა საპენსიო ასაკისთვის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საპენსიო ასაკში დამოკიდებულია შვილებსა და ოჯახის წევრებზე (68.7%), მეუღლესა (55.6%) და სახელმწიფო პენსიაზე (62.8%).
რაც შეეხება ფინანსური პროდუქტის შერჩევისას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტების შემთხვევაში, მოსახლეობა იძიებს ალტერნატივებს, უშუალოდ ფინანსური პროდუქტების შეძენისას, ფასების შედარებას მოსახლეობის მხოლოდ 20% ცდილობს, ხოლო მიუკერძოებელ რჩევას მხოლოდ 38% ეძებს. რაც შეეხება ფინანსური განათლების მიღებისას ორგანიზაციების ნდობას, მოსახლეობის საკმაო ნაწილი ენდობა ან ეროვნულ ბანკს (27%) ან არცერთ ორგანიზაციას (28%), ან არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი (21%). ნაკლებია ნდობა მთავრობისა (10%) და კომერციული ბანკებისადმი (8%).
ეროვნული ბანკის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში, ინფლაცია და სხვა.
„ცოდნის მხრივ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი პროცენტი (89%), რისკი და უკუგება (79%), ინფლაცია (87%). საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს გააზრებული აქვს რისკის დივერსიფიცირება (54%)", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
აღნიშნული კვლევა 2019 წელს, „OECD/INFE-ის" მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა. კვლევის შედეგები შედარებული იქნა როგორ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის 7 ქვეყანას, ისე გლობალურ კვლევაში მონაწილე 26 ქვეყანას. საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ შესაძლო 21 ქულიდან 12.1 (57.6%) შეადგინა, რაც ნაკლებია როგორც რეგიონის, ისე გლობალურ კვლევაში მონაწილე ქვეყნების, ასევე „OECD"ქვეყნების ფინანსური განათლების საშუალო ქულაზე.
0
0