ბერძნული მედიის ცნობით, წითელ ზღვაში მცურავ ტანკერზე, რომელიც „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა, საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. არსებული ცნობით, ბორტის ყველა წევრი თავს ჯანმრთელად გრძნობს.
„კომპანია Vulcanis Technical Maritime Enterprises-ის წარმომადგენლის თქმით, ტანკერის 24 კაციანი ეკიპაჟიდან ყველა უცხოეთის მოქალაქეა. მათგან სამი ფილიპინელია, 20 უკრაინელი და ერთი, საქართველოს მოქალაქე. ყველა მათგანი თავს ჯანმრთელად გრძნობს“, - წერს გამოცემა.
Agence France-Presse-ის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-მ გუშინ, 16 იანვარს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, წითელ ზღვაში მცურავ ტანკერს, რომელიც საბერძნეთის საკუთრებაშია, „ჰუსიტებმა“ რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემი დაზიანდა.
„სერიოზული მატერიალური ზიანი მოგვადგა, თუმცა, დარტყმას გავლენა არ მოუხდენია გემის საზღვაო ვარგისიანობაზე“, - წერს ბერძნული გამოცემა News 24/7 ტანკერის მფლობელ კომპანიაზე დაყრდნობით.
საქართველოს მოქალაქის ყოფნასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურად არ გამოხმაურებიან.
0
0