
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა. მანამდე დარბაზში რამდენიმე გამომსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა. 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი
"წლევანდელი წელი ეუთო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა - დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და მილიონობით ადამიანის ღირსებისთვის. საქართველოსთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას არ ატარებს.
ეს პრინციპები პირდაპირ ეხმიანება უსაფრთხოების იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას.
საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია და რუსეთის კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები.
რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ.საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ქვეყნის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
0
0