
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში, ჟენევაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაეროში უკრაინასთან მიმართებით მიღებულ რეზოლუციასა და ამ კუთხით საქართველოს პოზიციას გამოეხმაურა.
„საქართველო იმ რეზოლუციის თანასპონსორია, რომელიც მიღებულ იქნა უკრაინის ინიციატივით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს ის პრინციპებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაეროში დაფიქსირებული პოზიციები სრულ შესაბამისობაშია ამ პოზიციასთან, რომელიც უკრაინის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპის მხარდაჭერას უკავშირდება.
„რასაკვირველია, ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია დაიწყოს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება. მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა მშვიდობისთვის. აქედან გამომდინარე, იმ ინიციატივას, რომელიც დღეს აშშ-ის მხრიდან მოდის და მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, საქართველო მხარს უჭერს და ესეც აისახა გუშინ ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომლებიც გაჟღერდა და დაფიქსირდა გაეროს ფარგლებში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
0
0