
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება.
ამასთან, როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა განაცხადა, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები კვლავ უნდა განიხილონ სინოდის მომდევნო სხდომაზე და შემდეგ მოხდება პატრიარქობის კანდიდატთა შერჩევა.
„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდგომ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული, საბოლოოდ იქნება შემდეგ კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
მეუფე ილარიონს კითხვა დაუსვეს, ხომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, რაზეც მეუფე ილარიონმა უპასუხა: „ჯერჯერობით, არაფერი. ეს იქნება სამსჯელო საგანი და შემდეგ გაიგებთ. განათლების საკითხზე არ ყოფილა მსჯელობა“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.
0
0