
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე იუნესკოს კონფერენციაში მონაწილეობენ.
იუნესკოს საერთაშორისო კონფერენცია კულტურული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ - „MONDIACULT 2025“ ბარსელონაში, ესპანეთის მთავრობის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციის გახსნას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი, ესპანეთის კულტურის მინისტრი ერნესტ ურტასუნ დომენეკი და კატალონიის ავტონომიური რეგიონის ადგილობრივი მთავრობის პრეზიდენტი სალვადორ ილია დაესწრნენ.
დაგეგმილია მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლა კულტურის სფეროში უფლებებისა და კულტურის ეკონომიკისადმი მიძღვნილ პანელზე, სადაც საუბარი შეეხება ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვნად მონაწილეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კულტურის სფეროში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა, ეკონომიკის ეფექტიანი მართვა.
კონფერენციის მიზანი კულტურის სფეროში არსებულ გლობალურ გამოწვევებზე, უფლებებზე, განათლებაზე, კულტურის სექტორში არსებულ ციფრულ ტექნოლოგიებსა და კლიმატური ცვლილებების პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მსჯელობა და სამომავლოდ, კულტურის მიმართულებით გლობალური პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებაა.
კონფერენციაში იუნესკოს წევრი 160-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
0
0