
„თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები ანგარიშით 28:26 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე მეორედ გასვლის კიდევ უფრო მიუახლოვდა.
საქართველო-ბოსნია-ჰერცეგოვინის მატჩს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოადგილეებთან, ირაკლი მეძმარიაშვილსა და ლაშა მაღრაძესთან, ერთად დაესწრო.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა პირველი ნახევარი საქართველოს სასარგებლოდ 15:14 დასრულდა. საბოლოოდ კი მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს ანგარიშით 28:26 სძლიეს. მატჩის საუკეთესო ხელბურთელად საქართველოს ნაკრებისგან გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება, 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 11 მაისს კი სტუმრად დაუპირისპირდება ისლანდიის ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებენ.
2024 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი სწორედ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
0
0
სამტრედიაში სკოლის მოსწავლეს ეძებენ
13/03/2025