09/10/2024
18:37
ეკონომიკა
საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვებას აქვს მაღალი პოტენციალი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ფინანსების ახალი გრძელვადიანი წყაროებისა და საინვესტიციო რეიტინგის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რადა ტომოვამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც EBRD-ის დახმარებით შემუშავდა, ევროკავშირთან შესაბამისობაშია.
„სხვა ქვეყნების მსგავსად, რომელთაც მხარი დავუჭირეთ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფორმაში, EBRD-ი საქართველოშიც მოუთმენლად ელოდება პირველი ემისიების გამოშვებას. საკანონმდებლო ბაზა ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ასევე აქვს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასება. ახლა მთელი ყურადღება ინდუსტრიაზეა მიპყრობილი, ვინაიდან ბანკები მზად არიან ქართული ბაზრისთვის ახალი ინსტრუმენტის გამოშვებისთვის“, – განაცხადა EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართული იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა იყო.
0
0