13/04/2023
22:29
პოლიტიკა
„საქართველოს ჰქონდა ძალიან ძლიერი მედია. ჩვენ ვხედავთ, რომ სივრცეები ვიწროვდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის, შემთხვევებით, როგორიცაა ბატონი გვარამიას დაპატიმრება და გასამართლება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საჭიროა.
„ჩვენ თავშივე დავსვით შეკითხვები ნიკა გვარამიას საკითხზე, მათ შორის, დაკავების დროზე, ბრალდებასა და შემდგომში, განაჩენზე. სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული.
დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საჭიროა არამხოლოდ ზოგადი მიზნებისათვის, არამედ იმისათვის, რომ აღარ გაჩნდეს კითხვები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.
თუ გაგაჩნია დამოუკიდებელი სასამართლო, საზოგადოებასაც აქვს ნდობა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. მანამ, სანამ სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მსგავსი ტიპის საქმეც იარსებებს.
კონკრეტულად ეს საქმე გამწვავებულია ფაქტით, რომ ბატონი გვარამია ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელია. ეს თავის მხრივ, კავშირშია ძლიერი დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად ასპექტთან. მედიის თავისუფლებასთან.
საქართველოს ჰქონდა ძალიან ძლიერი მედია. ჩვენ ვხედავთ, რომ სივრცეები ვიწროვდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის, შემთხვევებით, როგორიცაა ბატონი გვარამიას დაპატიმრება და გასამართლება.
ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.
0
0