10/09/2024
09:56
სპორტი
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იქნება – გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ვილი სანიოლი: „ალბანეთის ნაკრებმა, ისევე როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ.
ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ (0:0) დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ.
მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა – უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, ერთი დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.
საქართველოს ნაკრებში პენალტებს კარგად ბევრი ფეხბურთელი ასრულებს – კვარაცხელია, მიქაუტაძე, გველესიანი. ამ მხრივ არჩევანის თავისუფლება გვაქვს. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ შეხვედრაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ვინ აიღებს“.
ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: „ამ ჯგუფში ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინა და ჩეხეთი ძალიან ძლიერი გუნდებია, ხოლო საქართველო თუ ჯერ არ გინახავთ, ის კარგად მომზადებული, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი ნაკრებია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც ბევრი იშრომა.
ყველა მწვრთნელი გუნდს გამარჯვებისთვის ამზადებს. ვფიქრობ, ხვალ ძალიან კარგი მატჩი გველის, მოწინააღმდეგემ იცის, რომ მაღალი ინტენსივობის თამაში იქნება. ჩვენ კი თუ გვსურს, შედეგს მივაღწიოთ, მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ. საქართველო ძალიან კარგი ევროპული დონის ნაკრებია, თუმცა, ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშებთ.
საქართველოს ნაკრებს, კვარაცხელიას გარდა, უმაღლესი დონის კიდევ 4-5 შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა გვარების გამოთქმა მიჭირს და არ დავასახელებ. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, ამავე დროს ძალიან ტექნიკურები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა. ჩვენც გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ამ დონეზე ასპარეზობას მომავალში შეძლებენ“, – განაცხადა სილვინიომ.
გიორგი მამარდაშვილი: „სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით. ვიცით, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნები სავსე იქნება. თუმცა ჩვენ წარმატებას მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
საქართველოს ნაკრების კარის მშრალად შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან კარგი მოგონებები დამრჩება.
წინა მატჩებში თანაგუნდელების შეტევაში თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. ამ რესურსის გათვალისწინებით, ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.
რატომ გადავედი ქომაგებთან ჩეხეთთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო. ვფიქრობ, მათ გარეშე ვერ მივიდოდით იმ დონეზე, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.
0
0