13/12/2024
15:58
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკები, ამის შესახებ ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა, ზდენიეკ ტუმამ განაცხადა.
„სებ-ი, სხვა მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნების მსგავსად, უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკები, როგორებიცაა, მაგალითად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კარგადაა მომზადებული, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და ძალიან კარგი ანალიტიკური გუნდი. აღნიშნული ეროვნულ ბანკს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეუძლიათ, სათანადო რეაგირება ჰქონდეთ“, – აღნიშნა ზდენიეკ ტუმამ ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე – „მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“.
როგორც ტუმამ აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში მიმოიხილეს მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებული გამოწვევები. ამ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ბოლო პერიოდის შოკების გავლენასა და მათი გადაჭრის გზებზე. იმსჯელეს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესაძლებლობებზე.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში – ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0