10/09/2024
00:03
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ვენლოში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
ამ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდს მინიმუმ ფრე აძლევდა ხელს, რაც კონკურენტ შვედეთს დაწევის საშუალებას არ მისცემდა, ჩვენ კი ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპთან მიგვახლოებდა.
გუნდს ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ვირუსის გამო ვეღარ დაეხმარა და მისი არყოფნა საქართველოს ნაკრებს დაცვაში დაეტყო. მასპინძლები უკვე მე-4 წუთზე „სტრასბურის“ თავდამსხმელმა, ემანუელ ემეგამ დააწინაურა, რომელმაც მე-18 წუთზე დუბლი შეასრულა.
სვანაძის გუნდი ამის შემდეგ გამოცოცხლდა და 31-ე წუთზე საბა ხვადაგიანის შესანიშნავი გადაცემით ოთარ მამაგეიშვილმა ანგარიში შეამცირა. წონსწორობის აღდგენა 43-ე წუთზე გიორგი კვერნაძეს შეეძლო, მაგრამ ხელი მცველმა შეუშალა და ტაიმი 1:2 წავაგეთ.
ნიდერლანდელებმა მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, ჩვენი შეტევები გაანეიტრალეს და თავად კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს – 72-ე წუთზე ქართველი მცველების შეცდომით ნოა ოჰიომ ისარგებლა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 79-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდათ, ოჰიოს კი დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ე.წ. „პანენკას“ სტილით შესრულებული პენალტზე მეკარე ხარატიშვილი არ მოტყუვდა და ბურთი იოლად აიღო.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი უშუალო კონკურენტთან, შვედეთთან 10 ოქტომბერს სტუმრად გამართავს, ხოლო 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
0
0