20/10/2023
08:36
ეკონომიკა
ახალი მიმართულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან და ინტენსიური მუშაობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის – მიმდინარე წელს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს, 9 პროცენტით გადააჭარბა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 2023 წელს, 4 500 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მაჩვენებელი, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 37 პროცენტით მეტია. ბოლო 9 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თითქმის 3 მილიონი, ქუთაისმა კი 1 200 000-ზე მეტი მგზავრი მიიღო. ციფრები გასული წლის მონაცემებს 100 პროცენტით აღემატება.
მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ავიაციის სააგენტოს მიერ დათვლილი მონაცემებით ირკვევა, რომ თბილისის, ქუთაისისა და ზღვისპირა ქალაქის აეროპორტებში ჯამში, 19 460 რეისი შესრულდა. ვიზიტორების ზრდის ტემპზე საუბრობენ კერძო სექტორშიც. მონაცემებს ტურისტული კომპანიები გამართულ და მრავალფეროვან პირდაპირ რეისებს უკავშირებენ.
მგზავრთა ნაკადის ზრდასა და ახალ საჰაერო მიმართულებებზე საუბრობენ აეროპორტების გაერთიანებაში. ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის – 5 და აზიის 1 მიმართულება დაემატა, დეკემბრიდან კი ჩამონათვალში კოპენჰაგენიც შევა. მგზავრთა ნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა ქუთაისიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც.
ამ დროისთვის, ქუთაისიდან სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით 35-მდე პირდაპირი რეისი სრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 13 მილიონ ტონას აჭარბებს. მონაცემების მიხედვით, შარშანდელთან შედარებით ტვირთბრუნვა, 3 პროცენტით გაიზარდა.
0
0