
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატების, მეოთხედფინალში გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 10 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დღეს, 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩზე ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ“,- აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
0
0