27/03/2024
16:39
საზოგადოება
საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ევროპის საგზურს - აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, და ეს დააგვირგვინეს გუშინ ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, რომლებმაც თავი დადეს იმისათვის, რომ ეს ისტორიული წარმატება მოეტანათ ჩვენი ქვეყნისათვის და საკუთარი სამშობლოსთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„არ არსებობს იმაზე დიდი ემოცია, რაც შენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას მოაქვს. ჩვენ ყველანი ერთად, მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, თანაზიარები ვიყავით ამ არაბუნებრივად დიდი და ისტორიული გამარჯვების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს ევროპის საგზურს.
შეიძლება სუბიექტური ვიყო ამ შეფასებაში, მაგრამ ერთი რამ მიხარია ძალიან - როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა ევროპის საგზური. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. ეს არის დიდი სიმბოლური მნიშვნელობის ამბავი, რომელსაც სჭირდება დაფასება, სწორი შეფასება. არ შეიძლება თითოეულ მათგანს ეს გმირობა არ დავუფასოთ, იმიტომ რომ ახალი ისტორია დაიწერა. ამდენი ხანია, ქართველები ვტრაბახობთ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით 1981 წელს „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ. ეს ლეგენდარული მატჩი არის ერთი დიდი ისტორიული ფურცელი და მეორე დიდი ისტორიული ფურცელი დაწერეს უკვე ლეგენდად ქცეულმა ჩვენმა ფეხბურთელებმა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
0
0