09/09/2024
21:46
სპორტი
პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მიიღო. ქართველმა პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
პირველად ისტორიაში საქართველოს ღირსებას ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის 6 სახეობაში თოთხმეტი ქართველი სპორტსმენი იცავდა და საქართველომ ექვსივე სახეობაში მედლის მოპოვება შეძლო.
გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ პარაძიუდოისტები: რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზურაბ ზურაბიანი. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ, პარაძიუოდისტმა ინა ქალდანმა, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ პარალიმპიური მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს; პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ მედალი პარატაეკვონდოსა და პარაწოლჭიმში პირველად მიიღო.
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე 4 400 სპორტსმენმა სპორტის 22 სახეობაში იასპარეზა. მომდევნო პარალიმპიური თამაშები 2028 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართება.
0
0