01/11/2024
09:21
ეკონომიკა
საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს და ქვეყანას ასეულობით შემთხვევა აქვს გამოვლენილი, როდესაც სამწუხაროდ, სწორედ ევროპული ქვეყნებიდან იყო გარკვეული ტიპის საქონლის შემოტანის მცდელობა საქართველოს გავლით, რომ მოხვედრილიყო რუსეთში, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ხაზს ვუსვამ, ეს მცდელობები იყო ევროპული ქვეყნებიდან. ეს იყო სწორედ ქართული საბაჟოს, ქართული სახელმწიფოს მიერ აღკვეთილი. ასე რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო სანქციებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, სანქციების დაწესების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც რუსული „ვითიბი ბანკი“ დაიხურა, იყო საქართველო და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს.
„მათ შორის, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ამ ნაწილში გაცილებით სწორი შეფასებები უნდა გააკეთონ. მესმის, რომ ომში მყოფი ქვეყნის კრიტიკა ძნელია, მაგრამ ეს არის ფაქტები, რომელსაც მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან მარტივი დაკვირვება სჭირდება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შენიშვნა ქვეყნის არც ერთ პარტნიორს არ ჰქონია, არც ერთ ოფიციალურ დონეზე.
„ანუ, თანამშრომლობა ამ კუთხით არის იდეალური. ეს შეეხება, როგორც ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადაადგილების შეზღუდვა-აკრძალვას, ისე პირდაპირ სანქცირებულ პროდუქციას“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გავლენა ექნებოდა საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთისთვის სანქციების პირდაპირი წესით დაწესებას, იმის გათვალისწინებით რომ საერთაშორისო სანქციებს საქართველო ისედაც მიერთებულია და რას ჰპირდებოდა მოსახლეობას ოპოზიცია, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რადგან მათი ნაწილის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ორმხრივი სანქციების დაწესება არის აბსურდული მოთხოვნა საქართველოსთან მიმართებაში.
„როცა რაღაც ნაბიჯზე ვსაუბრობთ, იმ ნაბიჯს ხომ რაღაც შედეგი უნდა მოჰყვეს? წარმოვიდგინოთ, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს ორმხრივი სანქციები. ვინ უფრო დაზარალდება ამით, რუსეთის ეკონომიკა, თუ საქართველოს ეკონომიკა? ვინ მოიგებს ამით, რუსეთი, საქართველო, თუ რა მოხდება? ვინც ასეთი ტიპის თეორიებზე საუბრობს, მარტივად ხომ შეუძლიათ, რუსეთის ეკონომიკის ჯამური მოცულობა ტრილიონ დოლარებში, გადმოიტანოს და შეადაროს საქართველოს ეკონომიკის მოცულობას?“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
0
0