
ჩეხეთის პოზიცია ყველასთვის ცნობილია, რომ პატივს ვცემთ საქართველოს, გვიყვარს ეს ქვეყანა და მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენს ურთიერთობებში პრობლემები არ არსებობს, – ამის შესახებ ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, თომა იარსამ საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა.
როგორც თომა იარსამ აღნიშნა, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
„ვიცით, რომ ნატო-სა თუ ევროკავშირში წევრობისთვის ყველა რეკომენდაციებს ასრულებთ, ნორმალურ და მშვიდობიანი არჩევნებს ატარებთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველო ევროკავშირის სივრცისგან ფიზიკურად ცოტა დაშორებულია და ზოგიერთი ქვეყანა სწორედ ამ სიშორეზე აკეთებს აქცენტს. თქვენი ინტერესი გასაგებია, რომ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი გახდეთ. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს სრულიად ბუნებრივია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ნატო-ს წევრობისთვის, მაგრამ ორგანიზაციაში 31 წევრია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ევროკავშირში – 27 სახელმწიფო. გასაგებია საქართველოს ევროინტეგრაციული მისწრაფებები იმის გათვალისწინებითაც, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გაქვთ. გავიგეთ, რომ რუსეთს ფლოტისთვის სამხედრო ბაზის გახსნა უნდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს გაჟღერდა როგორც იდეა და არა როგორც გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, რადგან ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და დარწმუნებული ვარ, ნატო აუცილებლად ჩაერევა და ექნება გარკვეული კომუნიკაციის მცდელობა რუსეთთან, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ შეწყვეტილია, რადგან ეს ნამდვილად არ არის კარგი იდეა“, – აცხადებს თომა იარსა.
0
0