11/12/2021
17:02
პოლიტიკა
მდინარაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარტნიორები, დასავლელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
„როგორი განცხადებებიც არ უნდა იყოს ოკუპანტი ქვეყნისგან, დარწმუნებული ვარ, საქართველოს და ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლების პოზიცია იქნება უცვლელი. ეს წერია კონსტიტუციაშიც, ეს არის ქართველი ხალხის ნებაც, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ადრე თუ გვიან და რაც შეიძლება ადრე, ეს ასე უნდა მოხდეს, რადგან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქ გააჩნია, ევროპულ ოჯახში. აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსი იქნება ურყევი ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად.
ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორები, მეგობრები დასავლეთიდან ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ასე საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისთვის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
0
0