17/10/2023
21:08
საზოგადოება
გამოცემა New Zealand Herald-ის ჟურნალისტი თრიშა თორესი საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
რატომ უნდა წახვიდეთ საქართველოში?
„სილამაზითა და მდიდარი ისტორიით გამორჩეული ქვეყანა - საქართველო, როგორც მოსანახულებლად ხელსაყრელი ადგილი, სწრაფად იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს უძველეს ვაზის სამშობლოში ღვინოს მიირთმევთ, ისვენებთ შავ ზღვის პლაჟებზე ან ლაშქრავთ კავკასიონის თვალწარმტაც მთებს - ეს ყველაფერი ერთ მოგზაურობაში. თბილი ქართული სტუმართმოყვარეობა თავს გაგრძნობინებთ ისე, როგორც საკუთარ სახლში. საქართველოში ბევრი ისტორიული ადგილის დათვალიერება უფასოა.
დატკბით თბილისის განმაცვიფრებელი პეიზაჟით, სადაც უძველეს ეკლესიებსა და მომხიბვლელ ქვაფენილ ქუჩებს შორის თანამედროვე შენობები დგას. დაიწყეთ თქვენი დღე შარდენის ქუჩაზე ყავით მირთმევით, შემდეგ კი საბაგიროთი ნარიყალას ციხესიმაგრისკენ აიღეთ გეზი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება
გაეცანით ადგილობრივ ტრადიციას - განტვირთვისთვის ესტუმრეთ გოგირდის აბანოებს აბანოთუბანში, რომელიც ცნობილია თავისი თერაპიული გოგირდოვანი წყლით. ეს წყალი შესანიშნავია როგორც თქვენი კანისთვის, ასევე მთლიანად ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის.
საქართველოში შეგიძლიათ დაგეგმოთ მრავალდღიანი ლაშქრობები, მაგალითად, მესტიასა და უშგულში, სვანეთის ულამაზეს რეგიონში. გაისეირნეთ ყაზბეგის ეროვნულ პარკში. აქვე, ყაზბეგის მთაზე, ასევე გერგეტის სამების ეკლესიას ნახავთ; დაათვალიერეთ კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე.
საინტერესო სანახავია მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ქვაზე გამოკვეთილი კომპლექსური ჩუქურთმები და ცენტრალური გუმბათი.
თუ ღვინის მოყვარული ხართ, გაემგზავრეთ კახეთში, საქართველოს ღვინის კუთხეში.
ქართული სამზარეულო ისეთივე მდიდარია, როგორც მისი ისტორია. დააგემოვნეთ ხაჭაპური, ყველის შიგთავსით სავსე პური, რომელიც ქართული საქეიფო სუფრის მთავარი ელემენტია; ხინკალი - ტრადიციული ქართული კერძი, ხორცით და სანელებლებით სავსე ცომის გუფთა, რომელიც, როგორც წესი, ხელით უნდა მიირთვათ.
საქართველოში მოგზაურობა არასრული იქნება, თუ ადგილობრივად მოყვანილ მრავალი სახეობის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს არ დააგემოვნებთ. როგორც ცნობილია, თიხის ჭურჭელში - ქვევრში - ღვინის დაყენება ღვინის წარმოების უძველესი უნიკალური მეთოდია.
შეგიძლიათ გასინჯოთ ჩურჩხელა, თხილისა და ყურძნის წვენისგან დამზადებული უგემრიელესი ქართული ტკბილეული,“ - წერს გამოცემა New Zealand Herald-ის ჟურნალისტი თრიშა თორესი.
0
0