28/08/2023
17:32
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში საქართველომ სლოვენიასთან ითამაშა და 67:88 დამარცხდა. ეს იყო ბრძოლა პირველი ადგილისთვის. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
სლოვენიამ მოგებით პირველი ადგილი გაინაღდა, საქართველოს კი ძალიან კარგი შანსი აქვს, მეორე ეტაპზე გავიდეს.
ამისთვის საჭიროა, ვენესუელასთან 30 და ნაკლები სხვაობით წაგება, რისი ალბათობაც, თითქმის, არ არსებობს. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დაამტკიცა, რომ ვენესუელაზე მაღალი დონის გუნდია და მისი დიდი ანგარიშით დამარცხებაც შეუძლია. საქართველო-ვენესუელა 30 აგვისტოს გაიმართება და, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ჩვენმა გუნდმა დღეს მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლო - 17:16.
საქართველო-სლოვენიის მატჩის პირველი ტაიმი ბალკანელებმა 45:33 მოიგეს. ცხადია, ასეთ შედეგზე იმოქმედა იმანაც, რომ საქართველოს ნაკრებს თავისი თამაშის პოვნა გაუჭირდა, ბურთი კალათში რთულად ეშვებოდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. სლოვენია კიდევ უფრო გაიხსნა, პერიმეტრიდანაც უკეთესად ისროდა და ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულა და 21 მოხსნაა. „ჯვაროსნებს“ შორის კი ყველაზე მეტი - 21 ქულა და 7 მოხსნა სანდრო მამუკელაშვილმა დააგროვა.
ჩვენი ჯგუფის გუნდები შეხვდებიან E ჯგუფის წარმომადგენლებს, სადაც ფავორიტებად გერმანია და ავსტრალია მიიჩნევიან. ისინი სტატუსს ამართლებენ და მომდევნო ეტაპზე გასვლასთანაც ახლოს არიან.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ვენესუელასთან 30 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროის 12:00 საათზე დაიწყება.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024