
ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.
კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას, საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ევროპის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, საერთაშორისო სარჩელების კომისია იქნება რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი კომპენსაციის მექანიზმის მეორე ნაწილი, რომელიც უკრაინისთვის მიყენებული ზიანის არსებული რეესტრის ბაზაზე იქნება დაფუძნებული. სარჩელების კომისია ევროპის საბჭოს ფარგლებში შეიქმნება და ასევე ღია იქნება სხვა ქვეყნებისთვის.
„უკრაინის ზიანის რეესტრი, რომელიც 2023 წელს შეიქმნა, აგროვებს და აღრიცხავს უკრაინაში ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებების მიერ წარდგენილ კომპენსაციის მოთხოვნებს. 44 სახელმწიფო და ევროკავშირი უკვე გაწევრიანდა რეესტრში, რომელმაც უკვე მიიღო 86 000 სარჩელი. საერთაშორისო სარჩელების კომისია განიხილავს, შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინის ზიანის რეესტრში წარდგენილ პრეტენზიებზე და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. კომისიის დამფუძნებელი კონვენცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მის რატიფიცირებას მოახდენს 25 ხელმომწერი მხარე, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი თანხები მისი საწყისი სამუშაოს უზრუნველსაყოფად. კომპენსაციის მექანიზმის გარდა, ევროპის საბჭო ერთგულია უკრაინის გრძელვადიანი მომავლის მიმართ დემოკრატიულ რეკონსტრუქციასა და ანგარიშვალდებულებაზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით“, – ნათქვამია პრესრელიზში.
მაკა ბოჭორიშვილი ჰააგაში სიტყვითაც გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს უსამართლო ომის შედეგად მიადგათ. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას.
„საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. საქართველო მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მძიმე გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა და რამდენად მაღალი ფასის გადახდა უწევს საზოგადოებას უსამართლობის შედეგად.
„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე გამოვიდა სწრაფი რატიფიცირების მოწოდებით, რათა კომისია სწრაფად ამოქმედდეს უკრაინელი ხალხისთვის.
„დღევანდელი დღე უკრაინისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის კუთხით წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საერთაშორისო სარჩელების კომისია წარმოადგენს სამართლიანობას და იმედს ათობით ათასი მსხვერპლისთვის – ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ დაზარალებულები არ იყვნენ დავიწყებულნი. მე გამოვდივარ სწრაფი რატიფიცირების მოწოდებით, რათა კომისია სწრაფად ამოქმედდეს უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.
ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციას 50-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები და მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი.
„ჩვენ ველოდებით, რომ კომპენსაციის ყველა მექანიზმი – ზიანის რეესტრისა და სარჩელების კომისიიდან დაწყებული, ფაქტობრივი გადახდებით დამთავრებული, ამუშავდება და ექნება ძლიერი და საკმარისი საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ხალხმა ნამდვილად იგრძნოს, რომ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანის კომპენსაცია შესაძლებელია. ეს ომი და რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა გახდეს ნათელი მაგალითი, რომ სხვებმა არ აირჩიონ აგრესია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც ამჟამად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულება ნიშნავს მდგრადი მშვიდობის პირობების შექმნას.
„შესაბამისად, ანგარიშვალდებულება უსაფრთხოების პირობაა – დღეს და მომავალში, თუმცა ანგარიშვალდებულება მხოლოდ უკრაინას არ ეხება. და ეს არ ეხება მხოლოდ ერთ აგრესორსა და ერთ მსხვერპლს. ანგარიშვალდებულება ეხება ევროპას. ევროპის ყველა ქვეყანას. საქმე ეხება იმას, მზადაა თუ არა ევროპა, მთლიანობაში, დაიცვას თავისი მშვიდობა“, – განაცხადა მაია სანდუმ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად განზრახ ბომბავს სახლებს, ანადგურებს ბიზნესებს და აზიანებს ინფრასტრუქტურას უკრაინაში.
„რუსეთმა უკრაინას უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. სწორედ ამიტომ შევქმენით უკრაინისთვის საერთაშორისო სარჩელების კომისია და ჩვენთვის პატივია მისი მასპინძლობა“, – განაცხადა დიკ სხოოფმა.
ევროსაბჭოს და ნიდერლანდების მიერ ჰააგაში ორგანიზებულ დიპლომატიურ კონფერენციაზე, ახალ კონვენციას, რომელიც უკრაინის საერთაშორისო სარჩელების კომისიას აფუძნებს, 34-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა მოაწერეს ხელი.
0
0