
13 დეკემბერს ჩვენი ქვეყანა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მეორედ უმასპინძლებს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა.
ღონისძიებაში, ევროპის 18 ქვეყნიდან, 9-დან 14-წლამდე ასაკის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილეა – ქვეყანას ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის, 2024 წელს, როდესაც ანდრია ფუტკარაძემ რეკორდული - 239 ქულა დაიმსახურა.
2025 წლის საბავშვო ევროვიზია კულტურის სამინისტროს, "Starring Georgia-სა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით ხორციელდება.
კონკურსზე საქართველოს ანიტა აბგარიანი წარადგენს.
"უკვე მეორედ ვმასპინძლობთ საბავშვო ევროვიზიას, რაც საქართველოს საუკეთესო შესაძლებლობებზე მეტყველებს. მთავრობის განკარგულებით, შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ღირსეულად წარვდგებით, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა.
ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს. შარშან, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. წარმატებებს ვუსურვებ კონკურსის მონაწილეებს", - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პრესკონფერენციაზე.
0
0