
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრედ რჩება.
როგორც დარჩიაშვილმა, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას.
„თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველოს ეს რეგიონები რჩება დაუცველობის მუდმივ წყაროდ. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრედ რჩება, რაც ერთის მხრივ ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას“, – განაცხადა დარჩაშვილმა.
ამასთან, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივას, სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს.
0
0