28/04/2023
18:01
პოლიტიკა
საქართველო როგორც აქამდე ასევე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მხოლოდ 38 ქვეყანამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაწყებულიყო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით კონკრეტული საქმეების გამოძიება და მათ შორის ერთ-ერთი საქართველო იყო, რაც ცალსახად მიუთითებს იმ პოლიტიკურ სიმყარესა და პოზიციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უჭირავს უკრაინის მხარდასაჭერად.
„ნებისმიერი მანიპულაცია და ნებისმიერი მცდელობა არის პირველ რიგში ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორღაც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში რიგი ტელევიზიები ჩასხდნენ, მათი მხრიდან ნაკარნახევი უსაფუძვლო განმარტებებზე სიუჟეტები გააკეთონ და შეკითხვები დასვან. ამოიღეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები, რომლებიც ევროსაბჭოს დონეზე იყო მიღებული და თქვენ ნახავთ არაერთ რეზოლუციას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იქ ესწრებოდნენ და ხმა არ ჰქონდათ მიცემული. საქართველო როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად უკრაინის მხარდაჭერას.
ის, რომ რაღაც კონკრეტულ რეზოლუციაზე ამბობთ, მხარი არ დავუჭირეთ, ამაზეც ძალიან მარტივად გიპასუხებთ. არა ერთ რეზოლუციას, ფაქტობრივად ყველას მხარი დავუჭირეთ და ამ შემთხვევაში ქართულმა დელეგაციამ ვიზიტი დაასრულა. ამ რეზოლუციას ჩვენ ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა და არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ რეზოლუციას, ის ერთ-ერთ კომიტეტზე იყო გასული, სადაც ჩვენი დელეგაციის წევრმა კომიტეტზე დააფიქსირეს თავისი მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და ნახოთ დაუჭირა თუ არა მხარი ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელმა, ხატია წილოსანმა კომიტეტზე, როდესაც იხილებოდა ეს რეზოლუცია“, – განაცხადა მიქანაძემ.
მანვე განმარტა, რომ „ეს საკითხი [რეზოლუცია] დღის წესრიგში ბოლო მომენტში შევიდა, როდესაც ჩვენ უკვე საქართველოში ვბრუნდებოდით. რამდენიმე კვირით ადრე იყო ბილეთები ნაყიდი. ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული - ამაზე გამონაკლისი არ არსებობს და შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ. იმაზე საუბარი, რომ თითქოს საქართველოს დელეგაცია რაღაცას არ უერთდება, არის სრული სპეკულაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
0
0