
რესპუბლიკის მოსახლეობის ნდობის აღდგენის დასაწყებად, საქართველომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და დადოს შეთანხმება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთთან. ჯერჯერობით, საქართველოს ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ახალმა დე ფაქტო მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა TASS-თან ინტერვიუში.
"არსებობს პრემიერ-მინისტრ [ირაკლი] კობახიძის და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლების განცხადება, რომ მათ სურთ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, არსებობს ურთიერთობების პრაგმატული ეტაპები რუსეთის ფედერაციასთან. თუმცა, ჩემი აზრით, როგორც ჩანს, საჭიროა გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ დეკლარაციად დარჩება. ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი: სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების მიღება“, - თქვა ბარციცმა და დააკონკრეტა, რომ ქართული მხარე, ჯიუტად უარყოფს ამ შეთანხმებას.
მან დასძინა, რომ ეს პოსტულატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების „ქვაკუთხედი“ გახდა, რომელსაც "რესპუბლიკის" დელეგაცია მომდევნო დღეებში გააგრძელებს. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს რუს მოკავშირეებთან ერთად შემდეგ პოზიციაზე: შეთანხმება ძალის გამოყენების განუახლებლობის შესახებ და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ნდობის გარკვეული პროცენტის გაჩენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ დეკლარაციაა“.
მან დასძინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი „თავს არ იტყუებს, არამედ საკუთარ კურსს მიჰყვება, საკუთარი ტემპით“ და სთავაზობს საქართველოს, მიიღოს არსებული რეალობები და იმოქმედოს ეროვნული პოლიტიკის ფორმატში, ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვა მხარეების პოზიციის გაუთვალისწინებლად.
0
0