"მე აღარ ვარ ნატოს ოფიციალური პირი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, {საქართველო-ნატოს ურთიერთობების გადახედვა} ეს უნდა იყოს კოლექტიური გადაწყვეტილება", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ, რომელიც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე 2020-2023 წლებში იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე საჯარო სფეროში.
პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს, ბაიბა ბრაჟემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტს რიკარდ იოზვიაკს, რომელმაც ჰკითხა, შეიძლება თუ არა „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ საქართველოსთან ნატოს ურთიერთობების გადახედვა გამოიწვიოს.
„ნებისმიერი ცვლილება ნატოს მთელ ასპექტში უნდა იყოს ყველა მოკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 32-ვე მოკავშირის მიერ“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.
28 მაისს, „საგარეო აგენტების შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღების დღეს, ბაიბა ბრაჟემ „სამწუხარო დღე“ უწოდა.
30-31 მაისს პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. მინისტერიალში ბელგიის, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის გარდა, ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე განიხილება ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგი და რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება.
პრაღის მინისტერიალი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაა ალიანსის მორიგი, 75-ე სამიტის წინ, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.
0
0