
„მე ვგრძნობ თავს როგორც ისრაელელი ებრაელი, რომელსაც აქვს გარკვეული იდენტობა. ის რომ საქართველოში დავიბადე, ეს კავშირში არ არის..“ - საკუთარ იდენტობასა და საქართველოზე, როგორც ისრაელის მეგობარ ქვეყანაზე, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ, spacesnews - სივრცეების გადაცემაში - „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ ისაუბრა.
„ჩემი იდენტობა არის გარკვეული და მყარი. ჩემი იდენტობა რომ არ იყოს გარკვეული და მყარი, მე რომ ვიყო ნახევარი ქართველი, ნახევარი ებრაელი, ნახევარი ფრანგი და ნახევარი აზერბაიჯანელი, მე არაფერს არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეს ნახევარი მე დამაკმაყოფილებდა და ვიტყოდი, მე ხომ ვარ ქართველი და ეს ფანტასტიკურია. ამიტომ მე, ნოსტალგიაც რომ მქონდეს, ამას ვკლავ, ვინაიდან საქმეს ეს, ხელს უშლის. მე თუ მყავს ერთი დედა, მაქვს ერთი ქვეყანა-ისრაელი, მხოლოდ ამ დროს შემიძლია გავუკეთო საქართველოს ძალიან ბევრი და ფაქტია, რომ ვუკეთებ“, - განაცხადა იციკ მოშემ.
მანვე აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც ბრუნდება ისრაელში, თუ ის გახდება ისრაელელი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გაუკეთოს ბევრი კარგი საქმე საკუთარ თავსაც, ისრაელსაც და საქართველოსაც.
„საქართველოს მე ვუყურებ როგორც მეგობარ ქვეყანას და მე ვადარებ სხვა ქვეყნებს და რა თქმა უნდა, საქართველოც არის ერთ-ერთი წამყვანი მეგობარი ქვეყანა.
ფაქტია, ხომ? ამ შემთხვევაში ჩემი ხედვა უფრო გამართულია. მე უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის, ვიდრე რომელიმე ადამიანი, რომელსაც აქვს ნოსტალგია და ტირის საქართველოზე, ის ამდენს ვერ აკეთებს“, -განაცხადა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა ინტერვიუში.
იციკ მოშე მიჩნევს, რომ არ იყო არც ერთი ინიციატივა, რომლის პირველი მხადამჭერი თავად არ ყოფილიყო.
„ეს არის ერთადერთი სწორი ხედვა, ვინაიდან საქართველო არის მეგობარი ქვეყანა. თუ დააკვირდებით, ალბათ იცით კიდეც, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ინიციატივა, რომლის მხადამჭერი პირველი არ ვყოფილიყავი. მე ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ჩემი იდენტობა იყო გარკვეული და მყარი“.
იციკ მოშემ, იდენტობაზე საუბრისას, ქართველების ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარ პოზიციას „არაპოპულარულიც“ უწოდა.
„ალბათ არაპოპულარულია, რასაც ახლა ვამბობ... რადგან ქართველი ადამიანი ალბათ, სხვა პასუხს ელოდება... მაგალითად, ქართველს უფრო მოსწონს, როცა ამბობენ - „აი, მე რომ დავიბადე საქართველოში... აი, ქართულ ღვინოს რომ ვხედავ, რამდენად მაქვს ნოსტალგია, როგორ ვტკბები...“ - დამიჯერეთ, ამის შემდეგ, შედეგი არის ნული.
მე ვამბობ, რომ საქართველო არის ჩემი მეგობარი ქვეყანა, ეს არის ყველაზე კარგი ღვინო მსოფლიოში, ეს არის ყველაზე კარგი ქვეყანა, ისრაელს უფრო დიდი მეგობარი არ ჰყავს და მე ყველაფერს ვაკეთებ, - სწორედ ეს არის ჩემი მუშაობის გზა და ფორმატი“, - განაცხადა იციკ მოშემ.
0
0