05/06/2023
17:24
პოლიტიკა
ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და ნატო-ში თქვენს გაწევრიანებას, – ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ევროპის ნაწილია და მისი მომავალიც ევროპაშია.
„მოხარული ვარ, რომ ვეწვიე საქართველოს სხვა სპიკერებთან ერთად სლავკოვის სამმხრივ ფორმატში. ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა შალვა პაპუაშვილთან და პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ქვეყნები არიან საქართველოს საუკეთესო მეგობრები. მხარს ვუჭერთ თქვენს პროგრესს, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ხაზს ვუსვამთ ამ მხარდაჭერას. საქართველო არის ევროპის ნაწილი და მისი მომავალიც ევროპაშია“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. მარკეტა პეკაროვა-ადამოვას თქმით, ის, რა ტენდენციასაც რუსეთი ატარებს როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვასა და უკრაინაში, არის კანონის დარღვევა.
„გვინდა, ასევე მკვეთრი სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი და საქართველოს დიდი ტერიტორიების ჩამოკლება რუსეთის მხრიდან ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ის, რა ტენდენციასაც ატარებს რუსეთი, როგორც აქ, ასევე მოლდოვასა და უკრაინაში, არის კანონის დარღვევა. რუსეთის გამოწვევებს ერთად უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ქვეყნები ახლა კიდევ უფრო ერთიანია ამ მიდგომასთან მიმართებით და ვერასოდეს მოახერხებს პუტინი ჩვენს გათიშვას. მხოლოდ ასეთმა გაერთიანებულმა ქვეყნებმა შეიძლება, მოახდინონ მასთან დაპირისპირება. ერთ-ერთი მაგალითი არის მდგრადი განვითარება. ჩვენი ერთობლივი კონტაქტები – ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და საქართველოზე, მის მოქალაქეებზე, ლიდერებზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება დიდი შრომა, კომპლექსური რეფორმები, რომელიც უნდა განახორციელოს საქართველომ და ეს უნდა მოხდეს საერთო სულისკვეთებით.
„ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პროცესი და ეს გზა უნდა გაიაროთ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა. საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი, რომელიც მოგცათ ევროკომისიამ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.
0
0