10/01/2023
13:04
პოლიტიკა
საქართველო მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს ევროკავშირთან დაახლოების ტექნიკური კრიტერიუმების შესრულებაში.
ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომელმაც წაიკითხა ევროკომისიის ანგარიშების პროექტი. ისინი მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნდება.
ჟურნალისტის თქმით, გასულ წელს, ბრიუსელმა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადები რეკორდულ დროში განიხილა, რის გამოც ევროკომისიამ მხოლოდ წევრობის პოლიტიკურ კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება. ახლა ბრიუსელი შეაფასებს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან 32 სფეროში. ეს აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
„საქართველო აშკარად მიიღებს საუკეთესო შეფასებებს, რაც პროევროპული და უფრო რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში, საქართველო შეფასებულია, როგორც „საშუალოდ მომზადებული“. თუმცა, საქართველო ჩამორჩება იურიდიულ სფეროში, ინტელექტუალურ საკუთრებაში და სოფლის მეურნეობაში“, - წერს იოზვიაკი რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ჟურნალისტის თქმით, ევროკომისია გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს. მასში დეტალურად იქნება აღწერილი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ და იქნება კონკრეტული რეკომენდაციები.
„წლის ბოლოსთვის ევროკავშირის წევრებს უკვე შეუძლიათ გადაწყვიტონ, შეძლებენ თუ არა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას და მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ - განაცხადა იოზვიაკმა.
0
0