23/11/2023
13:20
ეკონომიკა
საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა- ნათქვამია PMCG-ს კვლევაში სახელწოდებით, "ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე". კვლევა 2013-2022 წლების მონაცემებს მოიცავს.
გასულ ათწლეულში საშუალო ემიგრაციულმა ნაკადმა საქართველოში 97 ათასი შეადგინა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ 300 ადამიანი. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორულ მოვლენებს (COVID-19 პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს), საშუალო მიგრაციული
სალდო - 7 ათასი იყო.
2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრირებულთა ჯამური რაოდენობა 17%-ით შემცირდა და 669 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ემიგრირებულთა ჯამური რაოდენობა 2020 წელს ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენდა.
2010 წლიდან 2020 წლამდე პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების თვალსაზრისით შემცირდა, 75%-დან 64%-მდე. იმავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%-დან 27%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი - 3%-დან 7%-მდე.
საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (258 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით,
გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).
2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196%-ით გაიზარდა (1.48 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე).
ფულადი გზავნილების წლიური მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლიდან 2022 წლამდე (86%). 2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იყო რუსეთიდან ფულადი გზავნილების თვალშისაცემი ზრდით (0.41 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.1 მილიარდ
აშშ დოლარამდე).
2013 წლიდან 2021 წლამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი ფულად გზავნილებში საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 26%-დან 41%-მდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წილის ზრდა, შესაძლოა გამოწვეული იყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებული სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებით და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობის ზრდით.
თუმცა, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინების მკვეთრი ზრდის
გამო, ევროკავშირის წილი 24%-მდე დაეცა.
ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2013 წლიდან 2022 წლამდე ფულადი გზავნილების ოდენობა, როგორც მშპ-ს წილი, 11%-დან 16%-მდე გაიზარდა
2020 წლიდან ფულადი გზავნილები ექსპორტიდან შემოსავლების შემდეგ უცხოური ვალუტის შემოდინების სიდიდით მეორე წყარო გახდა.
2013 წლიდან 2022 წლებში საშუალო თვიური ფულადი გზავნილი ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობისთვის 573 ლარს შეადგენდა, თვიური შემოსავლის - 41%-ს.
2022 წელს, ფულადი გზავნილების მოცულობის 86%-იანი ზრდის მიუხედავად, მიმღები შინამეურნეობების საშუალო თვიური ფულადი გზავნილები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის მცირე გავლენას მიმღებ შინამეურნეობებზე.
ბოლო ათწლეულში, ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების საშუალო შემოსავალმა 1,398 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით აღემატება იმ შინამეურნეობების საშუალო თვიურ შემოსავალს, რომლებიც არ იღებდნენ ფულად გზავნილებს.
ბოლო ათწლეულში, 14 პროცენტული პუნქტით ნაკლები ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები იღებდნენ შემოსავალს დაქირავებული დასაქმებიდან იმ ოჯახებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ფულად გზავნილებს. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფულადი გზავნილები, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებს ემიგრანტების ოჯახის წევრების დასაქმების მოტივაციაზე. ან, შესაძლოა, რომ ამ შინამეურნეობებში შრომისუნარიანი წევრები ემიგრაციაში არიან.
გასულ ათწლეულში ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები 4%-ით ნაკლებს ხარჯავდნენ საბაზისო მოთხოვნილებებისათვის, ხოლო 5%-ით მეტს - დანაზოგის, ფულის გასესხებისა და ქონების შეძენისათვის იმ შინამეურნეობებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ფულად გზავნილებს. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ფულადი გზავნილები ხელს უწყობს მიმღები შინამეურნეობების შემოსავლის ნამატის შექმნას, რაც საშუალებას აძლევს მათ, მეტი სახსრები გამოყონ ფინანსური უსაფრთხოებისა და აქტივების შექმნისათვის." ნათქვამია კვლევაში.
0
0