11/03/2022
10:58
პოლიტიკა
თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდის მისამართით, რომელიც უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის მიმართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ოპოზიციას საქართველოში თავისი ვიწროპარტიული ინტერესები აქვთ, ხოლო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მისამართით არის ცხადი.
„რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება ამ სიტუაციაში, ისინი მოქმედებენ ვიწროპარტიული ინტერესებით, რეალობა გახლავთ ის, რომ როგორც აშშ- მა, ასევე ევროკავშირმა, მაღალი დონის სპიკერებმა არაერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველო დგას ამ მძიმე წუთებში უკრაინის გვერდით და ჩვენი სოლიდარობა არის ძალიან ცხადი. ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ დასრულდეს ომი და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იყოს გარანტირებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის უკრაინის მტკიცე სოლიდარობა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ერთგულება, ეროვნული ინტერესების სრულად გათვალისწინება ჩვენს საქმიანობაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივეს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის ინტერესით გახლავთ შიდა დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე შედეგის მიღწევა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები მიმართავენ ევროპარლამენტარებს, რათა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ. არჩილ თალაკვაძემ პეტიციას არასერიოზული უწოდა.
„ეს არის ძალზედ არასერიოზული ინიციატივა. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია (უკრაინის მხარდაჭერაზე), რაც ასევე შეაფასეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის - საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
0
0