26/05/2023
08:22
საზოგადოება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა - ამ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია - „თავისუფლების სიყვარულით“.
მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულია ღონისძიებების განრიგი.
საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ახალწვეულები ფიცს მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადებენ. ფიცის დადების ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.
დღის ერთ-ერთი კულმინაცია იქნება, 17:10 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ისტორიულ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 300 ბავშვის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი.
ამასთან, დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მოეწყო ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა.
ასევე, მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში მოეწყო კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მიწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.
ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიური ინსტალაცია, ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეალური თვითმფრინავი, სადაც მისულ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა და ფოტოების გადაღება.
26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, 20:00 საათე, რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს.
ფოტო ბადრი ვადაჭკორია
0
0