31/07/2023
16:57
ეკონომიკა
დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.
„ცალკე მსურს აღვნიშნო ქართული ღვინო. მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის აკვანია. ჩემი ქვეყნის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია 8000 წელს ითვლის. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უძველესი დროიდან განვითარებული მეთოდები არ მიტოვებულა და დღემდე გამოიყენება მეღვინეობაში. მისი კულტურული მნიშვნელობის დასტურად და UNESCO-ს პრინციპების შესაბამისად, თიხის ჭურჭელში - ქვევრში - ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძვირფასო მეგობრებო ქვევრი იყო პირველი ჭურჭელი, რომელიც გამოიყენებოდა მეღვინეობაში, არქეოლოგიური აღმოჩენებით, ის 8000 წლით თარიღდება. საქართველოს უძველესი ტრადიციები და მისი ღვინის კულტურა გადაჯაჭვულია ქვეყნის ეროვნულ იდენტობასთან.
ქვეყნის გამორჩეული ტრადიციები განპირობებულია 525-ზე მეტი ძირძველი ვაზის ჯიშის საოცარი მრავალფეროვნებით, რომელთაგან 10 გაშენებულია ჩინეთის ტერიტორიაზე, ნინგციას რეგიონში.
ბაზრის პოტენციალი, ეკონომიკური სარგებელი და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთს აქცევს ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილად. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთში. ქართველი მეღვინეების გაზრდილი ჩართულობა საერთაშორისო გამოფენებში იმას ცხადყოფს, რომ ქვეყანა ერთგულია ჩინეთის ბაზარზე ყოფნის გაფართოების იდეისადმი და თან ხაზს უსვამს ქართული ღვინისადმი მზარდ ინტერესს. ჩვენ მოუთმენლად ველით აქ დამსწრე ქართული ღვინის კომპანიებს მიერ ურთიერთობების დამყარებას, ბრენდის ცნობადობის გაზრდას და საბოლოო ჯამში გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებლებსა და ასევე გაზრდილ საბაზრო წილს ჩინეთში. იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას, როგორც აღიარებულ და ღირებულ არჩევანს ჩინელ მომხმარებლებს შორის.
დასასრულისკენ, ნება მომეცით განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის მოწოდებული დახმარება გაუწიოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციით დაინტერესებული ბიზნესის წარმომადგენლებს. 2014 წელს ჩვენ დავაარსეთ ქვეყნის მოწინავე დაწესებულება - „აწარმოე საქართველოში“ - რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. ეს სააგენტო მოქმედებს როგორც შუამავალი უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის და გთავაზობთ უახლეს ინფორმაციაზე წვდომას, თან ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას სამთავრობო ორგანოებთან. ის ფუნქციონირებს როგორც ყოვლისმომცველი „ერთი ფანჯრის“ სისტემა და მზადაა მხარი დაუჭიროს ინვესტორებს მთელი საინვესტიციო პროცესის განმავლობაში.
პრინციპში, რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე სარგებლობს საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი გარემოთი და ყველა იმ მხარდაჭერით, რასაც ჩვენი მთავრობა სთავაზობს კერძო სექტორს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ უფრო მეტ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობაში და ქვეყანაში უხვად-არსებული ბიზნეს შესაძლებლობები გავაცნოთ მათ. მივესალმებით ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს, ხოლო „აწარმოე საქართველოში“ მზადაა დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სამეწარმეო შესაძლებლობებში გარკვევას ცდილობენ.
ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით. ჩემი ქვეყანა არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.
საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის უცილობელი კვანძი. შესაბამისად, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოვიწვიო ჩინური კომპანიები, შეისწავლონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით, მათ შორის ისეთი სარგებლით, რომელიც მოაქვს (პირველადი, გადამამუშავებელი და საკომპლექტაციო) წარმოების საქართველოში გადმოტანას ან/და გაფართოებას.
ძვირფასო მეგობრებო, ბატონო თავმჯდომარე, დღეს მოკლედ წარმოვადგინე ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, უზარმაზარი პოტენციალი და ძალისხმევა ჩვენი ეროვნული ინტერესების ჩინეთთან - ამ დიდებულ ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან - ასამაღლებლად და მის ბიზნეს სექტორთან პარტნიორობით სარგებლობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ღირებული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ორმხრივია და საშუალებას მოგვცემს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები დიდი შემართებით გამოვიყენოთ.
ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ, გრძელვადიანი მეგობრობის გასაძლიერებლად და ჩვენი ერისთვის ნათელი ხვალინდელი დღის შესაქმნელად”, - განაცხადა პრემიერმა.
0
0