
საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმის განხილვა გადაიდო. მიზეზი, ერთ-ერთი ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. პროცესი 27 აპრილს უნდა გაგრძელდეს.
სხდომაზე უნდა დაკითხულიყო ექსპერტი ტრასოლოგი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის ელექტროგაყვანილობის ექსპერტიზა ჩაატარა და მნიშვნელოვანი ხარვეზები დაადგინა.
ასევე, სხდომაზე უნდა გამოკითხულიყო გამომძიებელი, რომელმაც რომელმაც ვაკის პარკში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა.
დაცვის მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარი ტრაგედიის წინა დღის ვიდეოჩანაწერებში უნდა იყოს ასახული, თუ როგორ ამოწმებენ "გრინ სერვის+"-ის თანამშრომლები ვაკის პარკის შადრევანს და მათზე ელექტროენერგია არ ვრცელდება.
"გამომძიებელთან დარჩენილია არაერთი კითხვა დაცვის მხარის მხრიდან, თუმცა უკვე მის მიერ ნათქვამმა ინფორმაციამ დაადასტურა ის, რომ გარკვეული ვიდეო ჩანაწერები ზოგადად არ არსებობდა, მთელი მნიშვნელოვანი პერიოდების, მათ შორის კრიტიკული პერიოდების, რაც საინტერესოა საქმისათვის. ასევე, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც არ გაიხსნა არსებული ვიდეო ჩანაწერები და გამოძიებას არ გაურკვევია, თუ რა ვითარებაში მოხდა ამ ვიდეო ჩანაწერების დაზიანება," - ამბობს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ამბობს, რომ ტრაგედიის წინა დღეს ვაკის პარკში ელექტროენერგია გათიშული იყო, გარდა ამისა, თანამშრომლები შადრევნის დასუფთავების დროს, სპეციალური ჩაცმულობით არიან.
"ჩანაწერი არ არსებობს იმის გამო, რომ ელექტროენერგია იყო გათიშული, ამის შესახებ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები, რომ აღნიშნულ დღეს, აღნიშნულ საათებში, რამდენიმე საათი არ არის კამერის ჩანაწერი და ელექტროენერგია იყო გათიშული. თუმცა, შადრევნების დასუფთავების დროს, ნაწილი უკვე აღბეჭდილია კამერებში, ეს პირები სპეციალური ჩაცმულობით არიან. მაღალყელიანი ე.წ. რეზინის ფეხსაცმელებით და რაც მთავარია, დასუფთავების დროს შადრევანი არის გამორთული, შესაბამისად, შადრევნის გამორთულობის შემთხვევაში, იქ დენი არ გაედინებოდა," - აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულია 9 პირი, მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცხრავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
0
0