-share.jpg)
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულთა საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა - სამ ბრალდებულს შორის ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ანზორ შარმაიძეა, რომელიც წლების წინ „სი-აი-ეის აგენტის“, ფრედი ვუდროფის მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული.
ამჯერად შარმაიძეს თბილისში, ქურდული გარჩების ორგანიზებასა და მუქარის გზით, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ედავებიან. ბრალდებული სხდომას ესწრებოდა.
ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. ადვოკატებმა წამოაყენეს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ითხოვდნენ გირაოს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ჩვენ მაინც დავაყენეთ ჩვენი შუამდგომლობები, მოთხოვნები. სასამართლოს შესაფასებელი იყო რა თქმა უნდა გადაეცა საქმე არსებითი განხილვისთვის. სასამართლოში დაიწყება ახლა არსებითი განხილვა, იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი. დაცვის მხარე შევეცდებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ არ გაიზიაროს,“ - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე.
საპირისპირო განცხადებას აკეთებს ბრალდების მხარე - პროკურატურის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ დანაშაულს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, საუბარი არის ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასა და ე.წ. ქურდული სამყაროსთვის მიმართვას.
„მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ასევე დაიკითხებიან საქმის არსებითი განხილვის დროს. მათი ჩვენებები სრულ შესაბამისობაში არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან, რომლის შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულებმა განახორციელეს ქურდული სამყაროს საქმიანობა. სასამართლოში ასევე წარმოდგენილი გახლავთ ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადგენს, რომ კონკრეტულ ჩანაწერებში ბრალდებულები არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად დადგინდება ბრალდებულების ბრალეულობა საქმის არსებითი განხილვის შედეგად,“ - აცხადებს პროკურორი გიორგი მუკბანიანი.
0
0