
საპროცედურო კომიტეტი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას მომავალი კვირისთვის გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა განმარტა, მანამდე კომიტეტი მოამზადებს დასკვნას და ამის მიხედვით გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები.
„ვამთავრებთ სასესიო კვირას და მთლიანად საგაზაფხულო სესიას. დარჩენილი გვაქვს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ცალკეულ პირთა, პარლამენტის წევრთა მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამის შესახებ ადრეც გვქონდა საუბარი. ამასთან დაკავშირებით გვექნება კომიტეტის სხდომა. მოგეხსენებათ, დღემდე არსებული ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მხრიდან არასაპატიო მიზეზით ხდება გაცდენა, ანუ დარღვევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის. ეს კიდევ ერთხელ მოწმდება ჩვენი კომიტეტის მიერ, რომ არსად რაიმე ფორმით არ მოხდეს არასწორი ინფორმაციის გაჟღერება. კონკრეტული შემოწმება იქნება 12 დეპუტატიდან ყველა პირის მიმართ, რამდენად არის მათი მხრიდან დარღვეული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ტექნიკური თვალსაზრისით, გვევალება ჩვენს კომიტეტს ამ საკითხის შემოწმება და დასკვნის გაკეთება. შესაბამისად, ჩვენ, სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება ამ საკითხზე კომიტეტის სხდომა. გთხოვთ დასწრებას და დანარჩენ საკითხს მივიღებთ იმის მიხედვით, მოკვლევის როგორი შედეგებიც გვექნება. წინდაწინ ამ საკითხზე მაინც არ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0
28 ივნისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
26/06/2025