
ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ და საავტომობილო გზა დაკავებული ჰქონდათ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, ეს პირები ავტომობილით გზის გაგრძელებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, რასაც მოჰყვა კიდეც დაპირისპირება.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ რაც ამ მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვეს, აქციის მონაწილეები მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინებას განაგრძობდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით კი, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025