
საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოწოდებით გამოვიდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბულგარეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვის იდეას. რუმენ რადევმა განცხადება ქვეყნის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციების ფონზე გააკეთა.
დემონსტრანტები ახალ ბიუჯეტს აპროტესტებენ, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
ბულგარეთის პრეზიდენტმა დაგმო ძალადობა და მოუწოდა მომიტინგეებს, დაიცვან კანონი.
„თუმცა, პროვოკაციები არ ცვლის ფაქტს, ბულგარელები ამ მთავრობას უარს ეუბნებიან. არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი, მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.
საპასუხოდ პარტია „ახალი დასაწყისის“ ლიდერმა, დელიან პეევსკიმ ქვეყნის პრეზიდენტი ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა.
„რუმენ რადევი გახლავთ დარბევებისა და ქაოსის ორგანიზატორი. მან საკუთარი სახე გვაჩვენა. ეს გსურთ ბულგარეთისთვის – ქაოსი, დარბევა, უკანონობა, ანარქია? ფსონზე დევს ქვეყანაში დემოკრატია და მშვიდობა. თქვენ გამოიყენეთ ახალგაზრდები. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ მოხდეს არჩევნების პროვოცირება და ხელისუფლების სისხლით ხელში ჩაგდება?“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ბლოკმა „ვაგრძელებთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთი“, რომელიც ქვეყნის პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქცია, მოუწოდებს ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, თანამდებობა დატოვოს, რადგან ძალოვნებმა ვერ შეძლეს აქციის მონაწილეების დაცვა.
ცნობისთვის, სოფიაში გამართული აქციების დროს დაშავდნენ, როგორც პოლიციელები, ისე მომიტინგეებიც. დაკავებულია ათეულობით ადამიანი.
დემონსტრაციების ფონზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკან გაიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს.
0
0