ანზორ ერქომაიშვილის სახელობის “ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა” და საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს, ხელი მოაწერეს, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი დონაძემ.
მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების მხარდამჭერია, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღონისძიებას, მინისტრი, თეა წულუკიანიც ესწრებოდა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, პროექტი სამინისტრომ 80 ათასი ლარით დააფინანსა.
“დღეს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, კულტურის სამინისტრო, ვერთვებით და ვიწყებთ პროექტის დაფინანსებას, რომლის ბიუჯეტია 80 ათასი ლარი. დასაწყისისთვის დაფინანსდება მგალობელთა ორი გუნდი: ერთი კახეთში- ალავერდში და მეორე, თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, სადაც გალობს გუნდი “ტაო” . ჩვენ შევძლებთ საპატრიარქოს გალობის ცენტრთან ერთად, გავიყვანოთ მორიგი ხნული რომლითაც ვაჩვენებთ - რა არის ქართული გალობა, როგორი ტრადიციების არის და როგორ უნდა იყოს ის სწორად ინტეგრირებული მსახურებაში”,-განაცხადა წულუკიანმა.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის თქმით, მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართული, ტრადიციული გალობის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა - პირველ ეტაპზე, პროექტში ჩაერთვებიან, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მგალობელთა გუნდი “ტაო” და ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდი.
“ეს არის, იმ მნიშვნელოვანი და ღირებული ტრადიციული გალობის მხარდაჭერის დიდი პირველი ნაბიჯი, რომლითაც ვიმედოვნებთ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა დადებს დიდ შედეგს. მემორანდუმი გულისხმობს, ამ ორი შერჩეული გუნდის სამგალობლო საქმიანობის მხარდაჭერას და წახალისებას. ასევე, ახალი თაობის მგალობლების აღზრდას”,-განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.
https://www.imedi.ge/ge/video/152134/tanamshromlobis-memorandumi?fbclid=IwAR0vFqfSvJJC93HiU3IwOv4pMIOkPVMMAfcKLG_EobPEUsPcTawjU-1StkE
0
0