27/11/2022
18:57
საზოგადოება
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის გაუპატიურებასა და მასზე ძალადობასთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.
"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა – მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.
საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას," – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად.
ცნობისთვის, ცხრამუხის მონასტერში მომხდარ შემზარავ ამბავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, აღნიშნულ ფაქტს ეროვნული ტრაგედია უწოდა და მომხდარში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში მასმედიის ნაწილის, მათ შორის, ტელეკომპანიების „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ მხრიდან მიმდინარეობს ანტიეკლესიური კამპანია, რასაც მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენა აქვს.
0
0
რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს
23/04/2024