
„პირადად მეც მივმართავდი პრეზიდენტს სააკაშვილის საკითხზე და საპატრიარქოც მიმართავდა, რაიმე აზრი რომ ჰქონდეს“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იწვევს საპატრიარქო სინოდის სხდომას, რომელიც 2022 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩატარებულა? ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა, რომ ეპისკოპოსები ისედაც ხვდებიან ერთმანეთს, მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე და შემდეგ პატრიარქს უყვებიან ყველაფერს, რაც მისი თქმით სინოდის სხდომაა.
„ჩვენ ვიკრიბებით დროდადრო სინოდის წევრები და ვმსჯელობთ ხოლმე რაღაც საკითხებზე, გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ამ ყველაფრის შემდეგ პატრიარქს ვუთანხმებთ. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით ეს გადაწყვეტილებები შედის ძალაში.
ამ ფორმით ხდება ხოლმე ძირითადად ჩვენი საუბარი, შეხვედრები და გადაწყვეტილების მიღება. რა გგონიათ თქვენ სინოდის სხდომა რა არის? ისევ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ეპისკოპოსები და ჩვენ რაც გვაწუხებს ერთმანეთთან ვმსჯელობთ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ და პატრიარქს ვუყვებით, ფაქტობრივად სინოდის სხდომაა“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, დააფიქსირებს თუ არა საპატრიარქო მესამე პრეზიდენტის შესახებ პოზიციას? მეუფე ნიკოლოზმა შემდეგნაირად უპასუხა:
„პირადად მეც მივმართავდი პრეზიდენტს სააკაშვილის საკითხზე და საპატრიარქოც მიმართავდა, რაიმე აზრი რომ ჰქონდეს. არ მგონია მარტო ბიძინა ივანიშვილი იღებდეს ამას [სააკაშვილის შეწყალების საკითხს] ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“.
0
0