
საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არასწორი შეფასებების გაკეთებისგან, როდესაც საქმე ეხება ისეთ თემას, როგორიც შოვის ტრაგედიაა.
„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქმე ეხება დეკანოზ დავით ისაკაძის მიერ ქადაგებისას დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ღმერთმა შოვი „სატანური“ ფესტივალის გამო დასაჯა.
„ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში ერთი წლის წინ - იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. სატანური, ელექტრონული მუსიკის გარდა, 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, იქაური მოსახლეობისგან ვიცი.
შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და აი რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია“, - თქვა სასულიერო პირმა.
0
0