06/05/2022
01:28
პოლიტიკა
მაინტერესებს, იყო თუ არა ფსიქიატრი შესული სახალხო დამცველის ჯგუფში და დასვა თუ არა ანორექსიის დიაგნოზი ფსიქიატრმა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ანორექსია არის ფსიქიატრიული აშლილობა, ფსიქიატრიული რეგისტრის დაავადებაა და შესაბამისად, მაინტერესებს, ეს არის დასმული დიაგნოზი, თუ ეს არის ვარაუდი, რომ სააკაშვილს შესაძლოა, აქვს ანორექსია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ამ ჯგუფის ნებისმიერი დასკვნა და მოსაზრება, კანონით და სამედიცინო წესებით, ითვლება მეორე, ანუ ალტერნატიულ სამედიცინო მოსაზრებად.
„ეს ვერ ჩაითვლება მაინცდამაინც სახელმძღვანელოდ იმ ექიმებისთვის და სისტემისთვის, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებელი გახლავთ მკურნალობაზე და პირველ რიგში პასუხისმგებელი გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კეთდება დასკვნები და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, მომაკვდავია, უკვე ტერმინალური პაციენტია და ა.შ, რაც რეალურად, არის მანიპულაცია.
„ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუბარი, რა დიაგნოზები აქვს, რა მკურნალობები სჭირდება და თუ ეს მკურნალობები სჭირდება, რატომ ამბობს უარს, ხოლო თუ უარს არ ამბობს, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, რატომ არ შეიძლება მისი საქართველოში მკურნალობა; რომელი პროფილის ექიმია და რა მკურნალობაა ასეთი საჭირო, რომელიც ამ შემთხვევაში არ შეიძლება, სააკაშვილს მივაწოდოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილთან, როგორც პაციენტთან მიმართებაში, არავითარი გარჩევა არ არსებობს და მასთან არის თანასწორი მიდგომა, როგორც სხვა პაციენტებთან.
„პირდაპირ გეუბნებით, არც პოლიტიკოსები და არც სახელმწიფო მას არ აყენებს არათანაბარ პირობებში. სამედიცინო თვალსაზრისით რაც ეკუთვნის, ის მიეწოდება, იქნება მიწოდებული და იყო შეთავაზებული წარსულში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ადაპტაციური პრობლემები აქვს პატიმრების თუ მეტს არა, 80%-ს, ვინც საპატიმროში პირველად შედის.
„იმიტომ, რომ ხდება თავისუფლების აღკვეთა. ისინი შორდებიან სოციუმს, ოჯახებს და ეზღუდებათ ბევრი უფლება, რაც ადამიანებს თავისუფლებაზე აქვთ. ადაპტაციური პრობლემები და სტრესი აქვს ყველა პატიმარს, ვინც სასჯელაღსრულების სისტემაში შედის, მაგრამ კანონმდებლობა და კონსტიტუცია არ იცნობს ასეთ პრინციპს, რომ რადგან ადამიანს ადაპტაციური პრობლემები აქვს და ციხეში ყოფნა უჭირს, ის უნდა გათავისუფლდეს, ან გადავიდეს სხვა ქვეყანაში კურორტზე, თუ რამე საავადმყოფოში. სხვათა შორის, ასეთი რამ არც ევროპულ კანონმდებლობაში არ არსებობს. ამაზე საუბარი უბრალოდ, ნონსენსია. დაცინვაა ამაზე საუბარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს საპატიმროსთან შეგუების პრობლემები, ციხის კედლებში დისკომფორტი აქვს და მისი ცხოვრების ხარისხი გაუარესებულია, არის ასი ათასობით პატიმრის და მათი ოჯახების დაცინვა, ვინც თუნდაც, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო საპატიმროში.
„ეს რა საუბარია, საერთოდ?! მითხარით. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის იმ ასი ათასობით პატიმრის და მათი ოჯახების დაცინვა, ვინც თუნდაც, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო საპატიმროში. ყოველ მეორე-მესამე დღეს იყო თითო გარდაცვალება. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე. როდესაც ჩვენ უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ, ყოველ მეორე და მესამე დღეს ჰყავდათ გარდაცვლილი პატიმარი. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არა თუ მკურნალობას, დიაგნოსტიკის უფლებასაც არ აძლევდნენ, რომ თავიანთი დიაგნოზი არ სცოდნოდათ. საკვებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ოჯახებს მიცვალებულები ჰქონდათ სათხოვარი, რომ როგორმე, მიცვალებულები მაინც მიეცათ ოჯახებისთვის დროულად და საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, რა დისკომფორტი?! კონკრეტულად გველაპარაკონ, პროფესიულად, რა არის ის მკურნალობები, რომელიც სჭირდება და არ მიეწოდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ ელოდება იურიდიულ თანხმობას სააკაშვილის ჯანმრთელობის და მკურნალობის საჭირო სერვისების შესახებ ყველა მონაცემის გასაჯაროებაზე.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში სახელმწიფო კონსილიუმის განახლების საკითხი, თალაკვაძემ განაცხადა, რომ დღეს, პენიტენციურ სისტემაში სააკაშვილი არის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც ყველაზე მეტმა ექიმმა ნახა და, ვისაც ყველაზე მეტი სამედიცინო მომსახურება აქვს მიღებული.
0
0