
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დაკავებულმა ირაკლი ბებუამ სრულად მოიხადა უკანონო სასჯელის 3 წელი და 40 დღე.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმ საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირობები, სადაც ირაკლი ბებუა სასჯელს იხდის, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
„ამ დროისთვის ირაკლი ბებუას სრულად აქვს მოხდილი უკანონო სასჯელის სამი წელი და 40 დღე. იმ საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირობები, სადაც ირაკლი ბებუა სასჯელს იხდის, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დღეები, შესაძლებელია სრულად მოხდილად ჩაეთვალოს. აფხაზეთის დე ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაძლებელია პირის ვადამდე გათავისუფლება.
იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დააკავეს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც სავარაუდოდ დაკითხვის დროს არის გადაღებული, ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იყო ხელყუმბარა РГ-42, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენდა“.
ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.
0
0