
ივანიშვილის მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, აგვისტოში იგეგმება მოგონილი „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დაადანაშაულებს მას და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში.
„ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი. მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.
7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს ეფესბეში, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად, საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დე იურედ ცნობისთვის.
რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში – ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის. ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას. ძალა ერთობაშია!“- წერს სააკაშვილი.
0
0