18/01/2025
11:59
საზოგადოება
წითელი ხაზები, რაც არსებობს ადამიანთა შორის, დაუწერელი კანონები, სამწუხაროდ, უკვე გადაკვეთილია, – ამის შესახებ მსახიობმა, ნიკოლოზ გაბელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არა ჩვენი მხრიდან, არამედ უმეტეს შემთხვევაში, მათი მხრიდან. რასაკვირველია, ეს ზოგადი სიტყვა, რომ მათი და ჩვენი, უკვე ტრაგედიაა ჩემთვის, ისეთი, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მათი გაყოფილია ეს, ჩვენ ნამდვილად არ გაგვიყვია. ჩემთვის ისეთივე საყვარელი ადამიანები არიან იქ მდგომები, როგორც აქეთ მდგომი ადამიანები. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, მოთმინება გამოვიყენოთ და უფრო მეტი მოთმინებით დაველოდოთ შედეგებს, რა შედეგები მოჰყვება დღევანდელ დღეს. ძალიან რთულია, მოთმინების ფიალა როცა აივსება, შენ თვითონ შეიკავო თავი, მაგრამ როდესაც ხარ საჯარო მოხელე და როდესაც შენ ქვეყნისთვის რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უფლება გაგაჩნია, მაინც მგონია, რომ შენ ჩემზე მეტად თავშეკავებული უნდა იყო, რადგან შენს თითოეულ ქმედებას მოჰყვება ათჯერ უფრო მეტი ბუმერანგის სტილის მოქმედება. ის, რომ შენ აშავებ, მეც ვშავდები ამით. როდესაც ერთ გუნდში ვართ და მე რომ შენ გენდობი, შენ არ უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რომ მე მერე ჩემი მეგობრებისგან, ან ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მიპირისპირდებიან, მომხვდეს ის სიტყვები, რისი ღირსიც არ ვარ, მაგრამ სიტუაციამ მოიტანა ასე“, – განაცხადა ნიკოლოზ გაბელიამ.
მისი თქმით, საზოგადოებამ ამ ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უპასუხონ ისე, როგორც ისინი პასუხობენ.
„ეს ჩაფურთხება რა, აქლემის ოჯახის წევრთა კასტაა, თუ რა არის? ამ ჩაფურთხების აქციის დამგეგმავები დასხდნენ ალბათ, 10-15 კაცი და ერთ-ერთმა თქვა, მოდი, ეს მოვიფიქროთო და ეს ყველაფერი რომ გამოიტანეს საჯაროდ, საზოგადოებამ, რომელიც იქაა შეკრებილი, ეს ხომ მოიწონა? კარგი აქციაა, მიდი აბა, ჩავუფურთხოთ, შენ დაწერე, შენ დაწერეო. მე არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ადამიანი, რომ მსგავსი რამ გავაკეთო? ჯერ რა ფეტიში გაქვს ასეთი, ვერ ვხვდები? დამგეგმავებზე ვამბობ. საოკუპაციო ხაზთან რა პერფორმანსიც შემოგვთავაზეს რამდენიმე წლის წინ, ზუსტად მათი დაგემილია ეს ჩაფურთხების აქციაც. ეს ქმედება, იქ წასვლა, შეტრიალება და ის უბედურება, რაც გააკეთეს, ოკუპანტების წინაშე იმის გაკეთება რომ პატრიოტობა ჰგონიათ, აღარ უნდა გიკვირდეს, მათგან ფურთხიც რომ პატრიოტულია“, – განაცხადა ნიკოლოზ გაბელიამ.
ნიკოლოზ გაბელიამ ასევე განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საუბარი აბსურდია და ოპოზიცია აქციებისთვის ემზადებოდა.
„ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, თავიდან ბოლომდე იმაზე იყო აგებული, რომ არჩევნების მეორე დღეს დაეწყოთ აქციები. ეს იყო მათი მიზანი, ამისთვის ემზადებოდნენ და ამისთვის კონფერენციები ჩაატარეს. არაფერი არ უთქვამთ და შეხვედრებზეც კი არ დადიოდნენ. პროგრამა თუ ჰქონდათ, ჩემამდე არ მოსულა, ბევრ ჩემნაირთან არ მოსულა და რატომ არ მოვიდა ჩემამდე ეგ პროგრამა? ხომ უნდა გამაგებინო, იქნებ, კარგს ამბობ რამეს და რატომ არ მაგებინებ?“, – განაცხადა გაბელიამ.
შეკითხვაზე, როგორ ესახება პროცესების განვითარება და რა არის გამოსავალი, ნიკოლოზ გაბელიამ განაცხადა, რომ სიტუაციის დარეგულირება ძალიან რთულია, რადგან ბევრი ისეთი რამ არის გაკეთებული, რაც არ უნდა გაკეთებულიყო.
„მაინც მგონია, რომ ყველაფრის მკურნალი დრო არის და დრო ყველაფერს თავად გვიჩვენებს. სიტუაცია უნდა შეიცვალოს მსოფლიოში. ისე უნდა წავიდეს და წარიმართოს ყველაფერი, რომ მაგალითად, დესტაბილიზაციისკენ აღარ წავიდეს ქვეყანაში მდგომარეობა და უფრო დამშვიდდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ გაბელიამ.
0
0