
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპამ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.
„ნატო უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს და გააკეთოს ეს. მისმინეთ, ევროპა ჩემი მეგობარია. მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. არ შეიძლება, ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, ვინც სრული დატვირთვით მუშაობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მე მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სანქციების დაწესების კუთხით გეგმავს თუ არა წინსვლას იქამდე, ვიდრე ნატო წინ არ წავა, ტრამპმა უპასუხა, რომ მზადაა, წინ წავიდეს, მაგრამ ევროპამაც იგივე უნდა გააკეთოს.
„მზად ვარ, წინ წავიდე, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ასეც მოიქცევიან, მაგრამ ახლა ისინი მხოლოდ საუბრობენ და არაფერს აკეთებენ. ისინი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ. ჩვენ რუსეთისგან ნავთობს არ ვყიდულობთ. ისინი რუსეთისგან ბევრ ნავთობს ყიდულობენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ ყიდულობს ბუნებრივ აირს რუსეთიდან და სურს თუ არა, რომ ესეც შემცირდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ეს, მათ არაფერი არ უნდა იყიდონ რუსეთისგან.
„საქმე ამაში არ არის, საქმე იმაშია, რომ მათ არ უნდა გააკეთონ ეს, იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, არ მაინტერესებს – მათ არ უნდა იყიდონ არაფერი რუსეთისგან. ჩვენ უბრალოდ ვყიდით იარაღს ნატო-სთვის. ბაიდენმა 350 მილიარდი დოლარი დახარჯა. მე არაფერს ვხარჯავ. მაგრამ მინდა, შევაჩერო მკვლელობები. დაზუსტებით ვიცი, რომ ამ კვირაში ორ ქვეყანას შორის თითქმის 8000 ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა. ცოტა მეტი რუსეთიდან. არ ვიცი, იცით თუ არა ეს, მაგრამ ომში, როდესაც აგრესორი ხართ, მეტს კარგავთ. სინამდვილეში, ამ კვირაში 8017-ზე ცოტა მეტი დაიღუპა ამ ომში. რუსები. ისინი ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან, მაგრამ ადამიანები არიან და მინდა, ეს შევაჩერო“, – აღნიშნა ტრამპმა.
0
0