27/12/2024
22:51
პოლიტიკა
შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ მილიარდერი ექსპრემიერი ვერ მიიღებს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე.
დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა „გენერალური ლიცენზია #116“.
ეს ლიცენზია ავტორიზებას ანიჭებს ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს.
ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, გენერალური ლიცენზიის ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ, რომ განახორციელონ ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუკი ეს კომპანია ცალკე არ არის შეყვანილი SDN სიაში.
რადიო თავისუფლება
0
0